მთავარი საკონსტიტუციო სასამართლო - მოსამართლის ბრძანების გარეშე დაუშვებელია დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი

საკონსტიტუციო სასამართლო - მოსამართლის ბრძანების გარეშე დაუშვებელია დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი


24-10-2012, 19:06

"2012 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ.

 

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი -   გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა.

 

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს (პირს) შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განეხორციელებინა დაკვირვება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.

 

სადავო ნორმის განმარტების, მისი სისტემური ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიებს და არ გამორიცხავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს (პირი) უფლებამოსილებას, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი.  

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს  სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობა. ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად სასამართლოს ბრძანების არსებობის აუცილებლობას და ამასთანავე, იგი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას კონსტიტუციის მიზნებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს."


უკან დაბრუნება