უზენაესი სასამართლოს განმარტება „Facebook-ის“ შესახებ
2-03-2015, 11:40  / ნანახია: 1121

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება №ას-1559-1462-2012 

 

დავა Facebook-ის გვერდით პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება

 

"გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, „საჯაროდ გავრცელება“ არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში,როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებსსოციალური ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი და ა.შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთანდამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს." 

ამოსაბეჭდი ვერსია