საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე მემკვიდრეობა
12-11-2012, 14:41  / ნანახია: 1349
მედია სამართლის ინსტიტუტი 

12 ნოემბერი 2012  

 

მამუკა ანდღულაძე

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ  არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში თუმცა ამჯერადაც ეს არ არის დაკავშირებული მაუწყებლის მედია საქმიანობასთან. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი  მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც უკავშირდებოდა ფინანსთა სამინისტროს  მხრიდან ორგანიზაციის ფინანსების შემოწმებას, მთავრობის გადაწყვეტილებას მაუწყებლის დაფინანსების შემცირებასა  და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუთითებს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ რჩება კრიტიკულ მდგომარეობაში და ის შეიძლება გადაიქცეს კიდევ ერთ „ბრძოლის ველად“ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის.

 

საქართველოს საზოგდოებრივი მაუწყებელი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%) და მაუწყებლობს ორი რადიო და სატელევიზიო არხით-პირველი და მეორე არხი. მესამე ინგლისურენოვანი სატელიტური  არხი PIK , რომელიც კერძო კომპანია „ალანიის“ მიერ იმართება, აღარ მაუწყებლობს ფინანსური დავის გამო. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი 46 მლნ ლარით დაფინანსდა. 14 მლნ ლარი გამოიყო და გადაეცა კომპანია „ალანიას“, რომელიც მართავს ტელეკომპანია PIK-ს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის მიიჩნეოდა ისეთ  მედია-საშუალებად რომელიც პოლარიზებულ მედია გარემოში გადმოსცემდა შედარებით ობიექტურ ინფორმაციას. თუმცა, პოლიტიკურად კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ობიექტურობის შენარჩუნება და აღქმულ იქნა წინა მთავრობის მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაუწყებელმა შეწყვიტა რამდენიმე გასართობი პროგრამის ეთერში გაშვება, სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტები და დახურა რამდენიმე თოქ-შოუ.

 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის ხელმძღვანელებს ორგანიზაციის არასწორი მართვის და მაუწყებლის მისიის შეუსრულებლობის გამო. კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის მოამზადა წინადადებათა პაკეტი ახალი მთავრობისა და პარლამენტისთვის, რომელშიც კოალიციის წევრებმა განსაზღვრეს მედია გარემოს გაუმჯობესებისთვის გასახორციელებელი  აუცილებელი ზომები და სხვა პუნქტებთან ერთად, მოითხოვეს აუდიტის სააგენტოს მხრიდან  მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შემოწმება, ასევე სამეთვალყურეო საბჭს წევრების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის შეცვლა, მათი რაოდენობის შემცირება და შეცვლა პოლიტიკურად დამოუკიდებელი პირებით, რომლებიც არჩეული იქნებიან გამჭვირვალე და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.

 

რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით  ორი ძირითადი გადაწყვეტილება იქნა მიღებული : უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა ახალმა მინისტრმა გასცა ბრძანება მაუწყებლის არაგეგმიური შემოწმების თაობაზე, რაც დაასაბუთა მაუწყბელის მიერ 4 მლნ ლარის ოდენობის ვალის გადახდის ვალდებულებით. მეორე გადაწყვეტილება უკავშირდება მთავრობის გეგმას მომავალ წელს მაუწყებლობისთვის რამდენიმე მილიონი ლარით დაფინანსების შემცირებას  მაუწყბელობის ხელმძღვანელებთან და დამოუკიდებლ მედია ექსპერტებთან კონსულტაციების გარეშე. ამ გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით კი პირველმა მათგანმა, რომელიც ფინანსურ შემოწმებას ეხებოდა, გამოიწვია პროტესტი მაუწყებლის ხელმძღვანელებსა და ამჟამინდელი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოსებს შორის, რომლებმაც მთავრობა მედიის ზეწოლაში დაადანაშაულეს.

 

მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებული კრიტიკისა, ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობა და საზოგადოების ჩართვა ამ გადაწყვეტილებების მიღებისას. გარდა ამისა, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის მთავრობამ და ოპოზიციამ, უნდა შეიკავონ თავი საზოგადოებრივი მაუწყებლის თავიანთი კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან. მთავრობამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა უნდა გადადგან უფრო აქტიური ნაბიჯები რათა უზრუნველყონ მაუწყებლის დეპოლიტიზირება და შექმნან ნორმალური სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჩადგებიან ხალხის ინტერესების სამსახურში.  

 

ამოსაბეჭდი ვერსია